ისტორია

 

 პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე, სადაც ამჟამად იგი მდებარეობს, 1991 წლის 1 ივნისს,  დაარსდა  მე-16 სამთო ბატალიონი, რომლის დაარსებას საფუძველი ჩაუყარა, საქართველოს ეროვნულმა გმირმა ბესიკ ქუთათელაძემ. საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონმა მინაწილეობა მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  აღდგენისთვის ბრძოლაში, სადაც დაიღუპა 21 სამხედრო მოსამსახურე.

2004 წლის 17 თებერვალს, აღნიშნულ ბაზაზე დაარსდა საჩხერის სამთო მომზადება-გადამზადების სკოლა, ხოლო 2006 წლის 14 აგვისტოს ჩამოყალიბდა საჩხერის სამთო მომზადების სკოლა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად, შემუშავდა სასწავლო კურსების პროგრამები. საერთაშორისო კურსები ტარდება გამოცდილი ქართველი ინსტრუქტორების მიერ, რომლებიც რეგულარულად გადიოდნენ სამთო მომზადებას ფრანგ ინსტრუქტორებთან სამი წლის განმავლობაში, სულ გაიარეს 6 დონე.

2010 წელს  ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია , რომლის თანახმად საჩხერისსამთო მომზადების სკოლას მიენიჭა ნატო/პარტნიორობა მშვიდობისთვის მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, 2014 წლის 29 მაისის #738 ბრძანების საფუძველზე, სკოლას მიენიჭა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სახელი, რომელიც წარმოადგენს გენერალური შტაბის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ სასწავლო დაწესებულებას.

ამჟამად საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მსმენელებს სთავაზობს საერთაშორისო კურსების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია  ნატო-ს წევრი  და პარტნიორი ქვეყნების  სამხედრო მოსამსახურეებისთვის  "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ფარგლებში.

2011-2014  წლებში სკოლაში ჩატარდა სამთო მომზადების ზამთრის/ზაფხულის საბაზისო და შუალედური კურსები.

2015 წელს ზემოთ აღნიშნულ კურსებს დაემატა ზაფხულის სამთო მომზადების ჯგუფის უფროსის კურსი.

გარდა ამისა სკოლაში მიმდინარეობს კურსები საქართველოს შეიარაღებული ძალების  ქვედანაყოფებისთვის: სამთო ტექნიკური კურსი,  სამთო სამაშველო კურსი, მაღალ მთაში სროლის კურსი და სამთო ტაქტიკური კურსი.